X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

28 ოქტომბერი 2021

„თელავის 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და თანხვედრაშია ყველა იმ მანამდე განხორციელებულ პროექტებთან, რომელიც თელავსა და მის შემოგარენ სოფლებში ხორციელდებოდა. ამ პროექტით, ფაქტობრივად, დაგვირგვინდება მანამდე გაწეული სამუშაოები. ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო დაფინანსებით უკვე წიწმატიანიდან ხდება დამატებითი წყლის რესურსის მობილიზება, რაც თელავს და მის მიმდებარე სოფლებს საკმარისი და საკმარისზე მეტი წყლის რაოდენობით მოამარაგებს“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპს აქტიურად აგრძელებს. 

თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. 

თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება.  სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.

თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე მოწყობილია წყალარინების ქსელი.